სამემკვიდრეო სამართალში საანდერძო დანაკისრი ანუ ლეგატი გულისხმობს მოანდერძის უფლებას დააკისროს ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს პირის სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულება სამკვიდროს ხარჯზე.ლეგატის ძირითადი მახასიათებლები: 1)ლეგატი მხოლოდ ანდერძით არსებობს. 2)ლეგატარი არ არის მემკვიდრე ფართო მნიშვნელობით 3)მისი საგანი შეიძლება იყოს უძრავი ქოება, მოძავი ქონება,თანხა,გარკვეული სარგებლის უფლება. უფრო კონკრეტულად კი სამოქალაქო სამართალი შეიცავს ასეთ დათქმას – ლეგატის საგანი შეიძლება იყოს საანდერძო დანაკისრის მიმღებისათვის სამკვიდროში შემავალი ქონებიდან ნივთების გადაცემა საკუთრებაში,სარგებლობაში ან თუნდაც სხვა სანივთო უფლებით,მისთვის ისეთი ქონების შეძენა ან გადაცემა რაც არ შედის სამკვიდროში,განსაზღვრული სამუშაოს შესრულება,მომსახურების გაწევა და ასე შემდეგ. 4)ლეგატი შესაძლოა დაეკისროს კონკრეტულ მემკვიდრეს ან ყველა მემკვიდრეს ერთდროულად. თუ საანდერძო დანაკისრის შესრულება რამდენიმე მემკვიდრეს აქვს დავალებული,თითოეული ასრულებს მას სამკვიდროში მისი წილის პროპორციულად,თუკი ანდერძში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ზემოაღნიშნულის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი – ,,ჩემს ძმას გიორგის გადაეცეს ჩემი ბინა თბილისში (ლეგატი), ხოლო დანარჩენი ქონება – ჩემს შვილს“.
რაც შეეხება საანდერძო დანაკისრის შესრულების ფარგლებს მისი შინაარსი შემდეგნაირია – მემკვიდრემ,რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა,უნდა შეასრულოს იგი ნაანდერძევი სამკვიდროს ნამდვილი ღირებულების ფარგლებში მამკვიდრებლის ვალების იმ ნაწილის გამოკლებით,რომლის გასტუმრებაც მას შეხვდა.საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს საანდერძო დანაკისრის შესრულება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში.მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს,რომ საანდერძო დანაკისრის მიმღები (ლეგატარი) პასუხს არ აგებს მამკვიდრებლის ვალებისთვის. საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს უარი თქვას მის მიღებაზე,ასეთ შემთხვევაში სამკვიდროს შესაბამისი წილი დარჩება იმ მემკვიდრეს,რომელსაც დაეკისრა დანაკისრის შესრულება.თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები უარს იტყვის დანაკისრის მიღებაზე,მემკვიდრე,რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა თავისუფლდება მისი შესრულების მოვალეობისგან.